ნიკოლოზ სამხარაძე - ოთხი თვეა, ვერ დაუმტკიცეს ვერავის, თავიანთ ამომრჩევლებსაც კი, არჩევნების გაყალბება, უსაფუძვლო განცხადებების გამო, ვადამდელი არჩევნები ვერ დაინიშნება
ოთხი თვეა, ვერ დაუმტკიცეს ვერც ქართულ საზოგადოებას, ვერც საერთაშორისო საზოგადოებას, თავიანთ ამომრჩევლებსაც კი, არჩევნების გაყალბება, ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და უსაფუძვლო განცხადებების გამო, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ვერ დაინიშნება, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ადამიანის განცხადებების გამო, ამ ქვეყანაში მუდმივად ვერ იქნება დაძაბულობა და ვერ დაინიშნება ყოველ წელს საპარლამენტო არჩევნები, ამ ყველაფერს სჭირდება დასაბუთება.
„საზოგადოება დაიღალა ამ ერთი და იმავეს მოსმენით, მაგრამ რა ვქნათ, სამწუხაროდ, გვიწევს ამის გაკეთება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ისინი შემოვლენ, გამოიძიებენ და დაადგენენ, რომ ერთი პროცენტით მაინც საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო რაიმენაირი გადახრა, გაყალბებას ვგულისხმობ, მაშინ მმართველი გუნდი მზად არის, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. უკვე ოთხი თვეა, რაც ვერ ამტკიცებენ, ვერ დაუმტკიცეს ვერც ქართულ საზოგადოებას, თავიანთ ამომრჩევლებსაც კი, საერთაშორისო საზოგადოებას, მაშინ ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და უსაფუძვლო განცხადებების გამო, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ვერ დაინიშნება, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.