ნიკოლოზ სამხარაძე - ორი წლის წინ აეროპორტში მგზავრებს ხვდებოდნენ და კვერცხებს ესროდნენ, ახლა ერთ პარტიაში გაერთიანდნენ და რუსეთთან ფრენები თურმე საჭირო ყოფილა, ეს არის ოპოზიციის სირცხვილი
ორი წლის წინ აეროპორტში მგზავრებს ხვდებოდნენ და კვერცხებს ესროდნენ. ახლა ერთ პარტიაში გაერთიანდნენ და რუსეთთან ფრენები თურმე საჭირო ყოფილა, ეს არის ოპოზიციის სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.
„ამ ადამიანების თითოეული განცხადება კარგად გვახსოვს, რომელსაც რამდენიმე თვეში უარყოფდნენ ხოლმე და სხვა ტალღაზე გადადიოდნენ. ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების ხელწერა, როცა მათ არ გააჩნიათ არც მორალური პრინციპი და არც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. იმ მომენტში იმ განცხადებას აკეთებენ, რაც აწყობთ. მათ არც იდეოლოგია აქვთ, არც მორალი და ეს ამის დასტურია. ორი წლის წინ აეროპორტში მგზავრებს ხვდებოდნენ და კვერცხებს ესროდნენ. ახლა ერთ პარტიაში არიან გაერთიანებული, ერთი სიით გამოდიან და თურმე რუსეთთან ფრენები კარგი და საჭირო ყოფილა. ეს არის სირცხვილი, ოპოზიციის სირცხვილი.
ცნობისთვის, „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ 9 ივლისს გაერთიანდნენ.