ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატობა თუ არ უნდათ, მივიდნენ პარლამენტში და თვითონ დააჭირონ ღილაკს ხელი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ურჩევს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ სურთ, ეს თავად გააკეთონ.
როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, მანდატების გაუქმების მსურველ ოპოზიციონერთა რაოდენობა 51-ია, ამ გადაწყვეტილების მიღებას კი ზუსტად 51 დეპუტატის ხმა სჭირდება.
„მათ პროცესის გაგრძელება თუ სურთ, მაშინ განცხადებები ხელახლა უნდა შემოიტანონ პარლამენტში. 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის 51 ხმა არის საჭირო. ზუსტად 51 არიან. შეუძლიათ, განცხადებები შემოიტანონ, შემოვიდნენ დარბაზში, მწვანე ღილაკს ხელი მიაჭირონ და უფლებამოსილება შეუწყდებათ. ამით დამთავრდება ამდენი იწილო-ნიწილო. ჩვენ კი ისევ თავს შევიკავებთ, რადგან ეს არის მანდატი, რომელიც მათ ამომრჩეველმა მისცა. დეპუტატობა თუ არ უნდათ, მივიდნენ და თვითონ დააჭირონ ღილაკს ხელი”, – განაცხადა სამხარაძემ.