ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას რაიმე მტკიცებულებები რომ ჰქონდეს, არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიაში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნებოდა ყველასთვის ნაჩვენები
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას რაიმე მტკიცებულებები რომ ჰქონდეს, არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიაში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნებოდა ყველასთვის ნაჩვენები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნების შესაძლო გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას აღნიშნული მტკიცებულებები რომ ჰქონდეს, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა.

„ოპოზიცია თავს კი არ იკავებს მტკიცებულებების წარდგენისგან, უბრალოდ, მათ მტკიცებულებები არ აქვთ. რაიმე მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, არა მხოლოდ დროებით საგამოძიებო კომისიაში, არამედ მერწმუნეთ, მთელ მსოფლიოში იქნებოდა ეს მტკიცებულებები ყველასთვის ნაჩვენები. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ აქვთ მტკიცებულებები და უბრალოდ, საკუთარი განცხადებების ტყვეობაში არიან“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მას შემდეგ შესთავაზა, რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებზე მინიმუმ ერთპროცენტიან გადაცდომას დაამტკიცებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დაეთანხმებიან, თუმცა, როგორც ცნობილია, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.