ნიკოლოზ სამხარაძე - ოლივერ ვარჰეის მოხსენებაში ვნახეთ გზადაგზა ახალი საკითხების გაჩენის პირველი შემთხვევა, პროგრესი თვალსაჩინოა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება
ოლივერ ვარჰეის მოხსენებაში ვნახეთ გზადაგზა ახალი საკითხების გაჩენის პირველი შემთხვევა. პროგრესი თვალსაჩინოა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისრის ზეპირ მოხსენებაში ახალი მოთხოვნა გაჩნდა, რომ მოხდეს კანონის ჰარმონიზაცია ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან.
„უნდა ითქვას, რომ ზეპირი შეფასება იმ მონაცემებს ეფუძნებოდა, რომელიც ჩვენ ევროკომისიას მაისში მივაწოდეთ. მაისსა და ივნისში სამუშაოები კიდევ გაგრძელდა, მათ შორის გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ კვირასაც იქნება მიღებული. როდესაც ევროკომისარი გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკობდა, პროგრესში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონები, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. რაც შესასრულებელი დარჩა, ეს არის პროცესი, რომელსაც ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რამდენად იქნება დაცული შეკრების თავისუფლება. ყველაფერ ამას დამატებითი საკანონმდებლო აქტების მიღება აღარ სჭირდება. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამონაკლისია სასამართლო რეფორმა, რომელიც ამ სასესიო პერიოდში ბოლომდე იქნება მიყვანილი. არის რეკომენდაცია აუდიო-ვიზუალურ დირექტივასთან საქართველოს თავსებადობაზე. საქართველომ შესაბამისი კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღო, შემდეგ ევროსაბჭომ ამ კანონპროექტზე მიიღო გარკვეული რეკომენდაციები. შესაბამისად, ევროკომისრის ზეპირ მოხსენებაში ახალი მოთხოვნა გაჩნდა, რომ მოხდეს კანონის ჰარმონიზაცია ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან.
აღსანიშნავია, რომ 12 რეკომენდაციის გადმოცემის შემდეგ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან რაიმე წერილობითი კომუნიკაცია არ ყოფილა. სადაც კონკრეტიკა იყო, ის დაკმაყოფილებულია, ხოლო სადაც ზოგადი რეკომენდაციები იყო, მივიღეთ კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს, რაც, ჩემი აზრით, რთული დავალება არ არის. მეორე მხრივ, ოლივერ ვარჰეის მოხსენებაში ახალი ვალდებულებები გაჩნდა, რაც მანამდე 12 პუნქტში არ ეწერა, გუშინ ჩვენ გზადაგზა ახალი საკითხების გაჩენის პირველი შემთხვევა ვნახეთ. პროგრესი თვალსაჩინოა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა.