ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას შანტაჟი არ გაუვა, სამართლებრივ პასუხს მიიღებს
ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას შანტაჟი არ გაუვა, სამართლებრივ პასუხს მიიღებს

იშვიათი შემთხვევაა, როდესაც იაგო ხვიჩიას ვეთანხმები, რომ ეს არის ის სცენარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ აღნიშნული კომენტარით შეაფასა „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადება, რომ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხელს მელიას დაკავება.

ამასთან, როგორც სამხარაძე ამბობს, ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.

„საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს. იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გამოყენებული. ამ სულისკვეთებით არის განპირობებული უმრავლესობის გადაწყვეტილება, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვზე: „ აღნიშნული გადაწყვეტილება ხომ არ დაამძიმებს პოლიტიკურ ვითარებას“, სამხარაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიამ საკუთარი თავი ასეთ დღეში თავად ჩაიგდო.

„ეს გასახარი არავისთვის არ არის. თავს არ ვიტყუებთ და არ ვამბობთ, რომ ეს კარგი იქნება. უბრალოდ, ამ ადამიანმა თვითონ დააყენა ასეთი ვითარება. პირდაპირ რომ ვთქვა, გვაშანტაჟებს. შესაბამისად, ეს შანტაჟი მას არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.