ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიას სარჩელზე - ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულება არსებობს
უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, შეიტანოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიას მიერ სტრასბურგში შეტანილ საჩივარზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულება არსებობს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამ ყველაფერს მხედველობაში. ნებისმიერი საქმე, რომელიც მოქალაქეს შეაქვს სტრასბურგში, ეს არის საქმე ქვეყნის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას შერცხვა, რომ ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ ერქვას ამ საქმეს, მაშინ არ უნდა შეეტანა“, – განაცხადა სამხარაძემ.
ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.