ნიკოლოზ სამხარაძე - ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს, როდესაც ექიმებს კი არა, პიარკომპანიას ქირაობენ
ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს, როდესაც ექიმებს კი არა, პიარკომპანიას ქირაობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ჩემთვის საკვირველია, ადამიანისთვის, რომელზეც ამბობენ, რომ ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, ექიმებს კი არა, პიარკომპანიას ქირაობენ, რომელმაც საკითხი მსოფლიო პრესას უნდა მოსდოს. ამ შემთხვევაში უკვე ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს. შესაბამისად, არ მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იყოს მათივე ოჯახის წევრის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სამხარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით. გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან“ თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ პიარკომპანიით პარტნიორებს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებით. გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა ორგანიზაციამ, „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალმა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.