ნიკოლოზ სამხარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენ არც უკრაინა გადარდებთ და არც მშვიდობა
თქვენ არც უკრაინა გადარდებთ და არც მშვიდობა გადარდებთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“.
სამხარაძის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დადგან შოუ და იაფფასიანი სპექტაკლები.
„ჩემი გამოსვლა არავის აინტერესებს და არავის აინტერესებს სამწუხაროდ, რას აკეთებს საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე, რადგან ის ყველაფერი, რაც აქ ხდება, არის ვიწროპარტიული პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთებული ამბავი. იმიტომ, რომ თქვენ ეს რომ გაინტერესებდეთ, ჯერ ერთი, თქვენ არ ჩამეჩრებოდით, მეორე – გაიგებდით, რასაც ვაკეთებთ. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მხარდაჭერას მაინც გამოხატავდით იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ გადადგა საერთაშორისო პლატფორმებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები მსოფლიოში, რომლებიც განსაზღვრავენ დღის წესრიგს მსოფლიოში. გაერო-ში, უშიშროების საბჭოზე საქართველო იყო რეზოლუციის თანასპონსორი და თანაინიციატორი, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობდა უკრაინაში. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც ეს დააინიცირა სხვა ქვეყნებთან ერთად. ეუთო-ში, ევროპის საბჭოში და ყველგან ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომელიც ეხმიანება საქართველოს, უკრაინის ინტერესებს და მთელი დასავლეთის ინტერესებს. ამიტომ, აქ ვერავისგან ვერ მივიღებთ ჩვენ, მეც პირადად და ვერც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენი მხრიდან იმ ბრალდებას, რომ ჩვენ არ ვართ სიმართლის მხარეს, ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის მხარეს. ეს არის სირცხვილი და ადამიანების მოტყუება, რასაც თქვენ აქ აკეთებთ. ბოდიში ჩემი ემოციებისთვის.
წინა კვირას გაიმართა სამი საპარლამენტო ასამბლეა, რომელზეც ეს ქალბატონები და მათი თანაპარტიელი ბატონები არც ერთს არ დაესწრნენ, სადაც საქართველომ და ჩვენმა საპარლამენტო ანსამბლებმა გააკეთეს ძალიან მკვეთრი განცხადებები და სხვა ქვეყნებთან ერთად დავდექით საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის და ომის დაგმობის მხარეზე. თქვენ, არც ერთმა არ იკადრეთ და არც ერთ დელეგაციაში არ წამობრძანდით, რადგან ეს არ არის თქვენი ინტერესი. აი, ეს ყველაფერი, რაც მე მოვყევი, არის სწორედ იმის გაგრძელება, რომ თქვენ არც უკრაინა გადარდებთ, არც მშვიდობა გადარდებთ უკრაინაში და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დადგათ შოუ და იაფფასიანი სპექტაკლები. აქედან გამომდინარე, მე ასევე, კითხვის ნიშნები მაქვს უკრაინის ელჩთან მიმართებაში. თუ ჩვენ საქმიანი დისკუსია გვინდა, უკრაინის ელჩს შევხვდეთ ყველანი ერთად. მე ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეს რაც თქვენ დღეს გააკეთეთ, ალბათ იგივეს გაკეთება გინდათ ხვალაც და ზეგაც. ამიტომ, ბატონო თავმჯდომარე, ეს ჩემი გამოსვლა გაითვალისწინოთ, ყველაფერი, რაც დღეს აქ მოხდა და ბატონ დოლგოვს დაველაპარაკოთ ჩვენ, შევხვდეთ და ყველაფერი გავუკეთოთ უკრაინას, რაც საჭიროა, ამ სპექტაკლების გარეშე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.