ნიკოლოზ სამხარაძე - მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველოში არცერთ სანქცირებულ ბორტს არ დაუშვებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტებს სანქცირება არ დაემუქრებათ
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მტკიცედ არჩეული პოლიტიკა გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ვახორციელებთ ყველა იმ საერთაშორისო სანქციას, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძის თქმით, აქცენტი პორტების უსაფრთხოებაზე გაკეთდა და მაშინ ევროკავშირის მხრიდან შესაძლებელი უნდა იყოს, ყველა რუსული ავიაკომპანიის დასანქცირება და ამ შემთხვევაში ისინი ვერ იფრენენ ვერც საქართველოში.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის მიმართულებას და ნახსენები იყო რეზოლუციებზე მიერთების პროცენტები, ამ რეზოლუციებზე მიერთების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გამოწვეულია არაღიარების პოლიტიკის ინტერესებიდან და ეს არაერთხელ ვაცნობეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ როცა კეთდება განცხადებები კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში და ეს ქვეყნები მდებარეობს ხან აფრიკაში, ხან აზიაში და ეს ის ქვეყნებია, ვისთანაც საქართველოს მაინც და მაინც აქტიური კონტაქტები არ აქვს, ჩვენ თავს ვიკავებთ რეზოლუციების მიერთებისგან მხოლოდ არაღიარების გამო და ეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან. მათ არაერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენონ პირობითობის პრინციპი იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ. ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და მთავრობა პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ისინი საქართველოში არცერთ სანქცირებულ ბორტს არ დაუშვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტებს სანქცირება არ დაემუქრებათ. ამაზე მზად ვართ და ღიად ვართ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირთან ვითანამშრომლოთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური გამჭვირვალეობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სამხარაძემ.