ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით მიმართვისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირას გამართული შეხვედრა დაგმო.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა: „საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის“.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.