ნიკოლოზ სამხარაძე - მომავალ კვირამდე აუცილებლად გაიმართება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი და იმედი მაქვს, რომ პროგრესი იქნება
უახლოეს დღეებში ხელშესახები შედეგი შეიძლება გვქონდეს, მას შემდეგ რაც, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებები შედგება. მომავალ კვირამდე აუცილებლად გაიმართება შემდეგი რაუნდი და იმედი მაქვს, რომ რაღაც პროგრესი ამ მოლაპარაკებებზე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
„მოლაპარაკებებს აზრი ყოველთვის აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დასადგურებას. უახლოეს დღეებში ჩამოვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული ადამიანი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და მთლიანად რეგიონს, შესაბამისად ისიც ჩაერთვება მედიაციის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ნათლად გამოჩნდება, ევროკავშირიც და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად დაინახავს, თუ ვინ არის შეთანხმების მომხრე და თუ ვინ არის მოლაპარაკებების ჩაშლის მომხრე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ უახლოეს დღეებში, ყოველ შემთხვევაში მომავალი კვირის დასაწყისამდე ჩვენ ხელშესახები შედეგი შეიძლება გვქონდეს, მას შემდეგ რაც, ევროკავშირის მედიაციით ეს მოლაპარაკებები შედგება. მომავალ კვირამდე აუცილებლად გაიმართება შემდეგი რაუნდი და იმედი მაქვს, რომ რაღაც პროგრესი ამ მოლაპარაკებებზე იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხებს შეეხება, რომელიც შარლ მიშელმა წარადგინა.
„იმ ხუთ საკითხზე იქნება საუბარი, რომელიც იყო შარლ მიშელის მხრიდან დაყენებული, მეექვსე უბრალოდ მედიაციის გაგრძელებაა, საკითხი ხუთია. მზად ვართ, ხუთივე საკითხზე ვისაუბროთ, მათ შორის ერთზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს გაიგზავნა რეფორმის პაკეტი ოდირში. მზად ვართ, ვისაუბროთ და თუ ოპოზიცია კონსტრუქციულობას გამოიჩენს, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, შეთანხმება შედგება. ერთ საკითხი, რომელიც იქ წერია არის პოტენციური ვადამდელი არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, ასე წერია იმ პუნქტში. შესაბამისად, ჩვენ ვართ მზად, რომ ვისაუბროთ ადგილობრივი არჩევნების მზადებაზე და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე, თუ ეს საჭირო გახდა პოტენციურ ვადამდელ არჩევნებზე. პოტენციური ნიშნავს, რომ რაღაც თუ მოხდება, ამის შემდეგ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. მეოთხე საკითხიც არის იქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ლაპარაკობს პარლამენტში პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე და როლების გაძლიერებაზე, რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა სამხარაძემ.