ნიკოლოზ სამხარაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება რუსეთის მიმართ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო
ნიკოლოზ სამხარაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება რუსეთის მიმართ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო

ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საომარმა მოქმედებებმა უკვე გამოიწვია ადამიანური მსხვერპლი და კვლავაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ოცდამეერთე საუკუნეში ძალის ასეთი გამოყენება დაუშვებელია.

„იგი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს. მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება რუსეთის ფედერაციის მიმართ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.