ნიკოლოზ სამხარაძე - მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის უკანონო ქმედებას, ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას
ნიკოლოზ სამხარაძე - მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის უკანონო ქმედებას, ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.