ნიკოლოზ სამხარაძე - მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველანაირი პროცესი უნდა შეჩერდეს, საუბარია ამბიციური რეფორმის მომზადებაზე, რისთვისაც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი
ნიკოლოზ სამხარაძე - მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველანაირი პროცესი უნდა შეჩერდეს, საუბარია ამბიციური რეფორმის მომზადებაზე, რისთვისაც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შარ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველანაირი პროცესი უნდა შეჩერდეს, არამედ საუბარია ამბიციური სასამართლო რეფორმის მომზადებაზე.

სამხარაძის თქმით, სასამართლო რეფორმის მიმართულებით უკვე შექმნილია მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი.

„როცა შარლ მიშელის დოკუმენტს რაიმეს გასამყარებლად იყენებენ, სიტყვა-სიტყვით წაიკითხონ, რა წერია. არსად წერია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველანაირი პროცესი უნდა შეჩერდეს, იქ წერია, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა უნდა მომზადდეს, რისთვისაც უკვე შექმნილია მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ საკითხების იდენტიფიცირებაზე, რომელიც ხარვეზიანია სასამართლო სისტემაში. ხარვეზების იდენტიფიცირების შემდეგ მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მომავალი საგაზაფხულო სესიისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გადავადების საფუძველი არ არსებობს.

„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გადავადებას საფუძველი ხომ სჭირდება? ინტერპრეტაციები ყოველთვის იქნება, მათ შორის რეფორმის შემდეგაც. ინტერპრეტაციების გამო სასამართლო სისტემის შეჩერება გამართლებული არ მგონია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ ასეთი აღქმები აქვთ, სასამართლოს ვერ გავაჩერებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.