ნიკოლოზ სამხარაძე - მარგველაშვილის მხრიდან საწყენია, რომ თავს უფლებას აძლევს, კეზერაშვილთან ერთად რაიმეს ხელმომწერი იყოს, შეიძლება, დაინტერესება აქვს, ან გადაიბირეს, რა შეიცვალა ორ-სამ წელში, გაკეთილშობილდნენ?
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების ერთობლივი განცხადება არ წაუკითხავს, რადგან მას ხელს გიორგი მარგველაშვილი და დავით კეზერაშვილი აწერენ.
მისი თქმით, კეზერაშვილთან ერთად განცხადების ხელმოწერა მარგველაშვილის მხრიდან განსაკუთრებით საწყენია.
„განცხადება არ წამიკითხავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორი გვარი თქვეს, მარგველაშვილი და კეზერაშვილი. მარგველაშვილი და კეზერაშვილი როცა რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, მის შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი ძალიან საწყენია, განსაკუთრებით, მარგველაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და თავს უფლებას აძლევს, კეზერაშვილთან ერთად რაიმეს ხელმომწერი იყოს. ადამიანთან ერთად, რომელსაც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო. ახლა განცხადებას ხელს ერთად აწერენ. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს არც ადამიანობაში და არც არანაირ პრინციპებში ჯდება. შეიძლება, დაინტერესება აქვს, შეიძლება, გადაიბირეს. რა შეიცვალა ორ-სამ წელში, გაკეთილშობილდნენ? ფაქტები აღარ არსებობს, თუ ამ კაცმა რაიმე ახალი გაიგო, რატომ აწერს ხელს განცხადებებს კეზერაშვილთან ერთად?“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.