ნიკოლოზ სამხარაძე - მალტის პარლამენტში შეხვედრები დაიწყო, ჩვენი ამოცანაა, კოლეგებს გავაცნოთ პროგრესი, რომელიც გვაქვს რეფორმებთან დაკავშირებით
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მალტაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრების მიზანია, კოლეგებს გააცნონ პროგრესი, რომელიც საქართველოში რეფორმებთან დაკავშირებით არსებობს.
„მალტის პარლამენტში შეხვედრები დაიწყო. ჩვენი ამოცანაა, მალტელ კოლეგებს გავაცნოთ ის პროგრესი, რომელიც გვაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. მათ შორისაა რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. ასევე ეხება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, მათ ვესაუბრებით უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და იმ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მალტის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი.