ნიკოლოზ სამხარაძე - მალტაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება, ვგეგმავთ, დეკემბრის ბოლომდე ვეწვიოთ ევროპის დედაქალაქებს, ვესაუბროთ რეკომენდაციების შესრულების გზაზე მიღწეულ პროგრესზე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს მალტაში ვიზიტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხება რეკომენდაციების შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევროპულ გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას.
სამხარაძის თქმით, იმედი აქვს, რომ ვიზიტის შემდეგ მალტა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი იქნება. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, დეკემბრის ბოლომდე განხორციელდება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
„მალტაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს იწყება. როგორც იცით, დაგეგმილი გვაქვს, რომ დეკემბრის ბოლომდე ევროპის დედაქალაქებს ვეწვიოთ და მათ ველაპარაკოთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროპული რეკომენდაციების შესრულების გზაზე, ასევე, მოვიპოვოთ თითოეული დედაქალაქის მხარდამჭერა, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, 27-ვე სახელმწიფოს უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდეს ჩამოყალიბებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გვექნება შეხვედრები როგორც მალტის რესპუბლიკის პარლამენტში თავმჯდომარესთან და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე ქვეყნის პრეზიდენტთან. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მალტა ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი იქნება როგორც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, ასევე ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყების“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.