ნიკოლოზ სამხარაძე - მადრიდში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე
მადრიდში ვიზიტის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მობილიზება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. პარალელურად, კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, მალტის, ქუვეითისა და ბაჰრეინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
„საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე, როგორც წესი, კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს შეზღუდული დიპლომატიური წვდომა, და ასეთი ქვეყნები, ძირითადად, რომლებიც აზიის და აფრიკის რეგიონში მდებარეობენ, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან, მათ შორის, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარდება. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, იმ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთმა გადადგა ჯერ აგრესიის და ახლა უკვე მცოცავი ანექსიის განსახორციელებლად. ვესაუბროთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა და რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იყოს მუდმივი. სწორედ ამ მიზნით ვხვდებით აფრიკის სახელმწიფოებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, დღეს უკვე გამართულ შეხვედრებზე, ასევე სექტორული თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.
„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, არაღიარების პოლიტიკის გარდა, სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, რადგან სამხრეთ აფრიკასთან სექტორული თანამშრომლობაც გაგვაჩნია. თუმცა, არ ვიფარგლებით მხოლოდ არაღიარების პოლიტიკით. დღეს გვქონდა შეხვედრა მალტის პარლამენტის სპიკერთან და საუბრის ძირითადი საკითხები იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ვისაუბრეთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ. მალტის მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რომ ჩვენი სურვილის შემთხვევაში, აღმოგვიჩინონ დახმარება, საკუთარი გამოცდილებით, იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრა გვქონდა ქუვეითის პარლამენტის სპიკერთან. ქუვეითთან საქართველოს აქვს პირდაპირი, რეგულარული მიმოსვლა და ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ქუვეითს აინტერესებს, ასევე ინვესტიციები. შესაბამისად, გარდა არაღიარების პოლიტიკისა და ზოგადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერის მოპოვებისა, ქუვეითთან გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე – ინვესტიციების მოზიდვაზე, ტურისტების რაოდენობის ზრდაზე, ასეთივე შეხვედრა გაიმართა ბაჰრეინის პარლამენტის სპიკერთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.