ნიკოლოზ სამხარაძე - ლიეტუვის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ნატო-ს სამიტზე აუცილებლად დასვამს საკითხს საქართველოს წევრობის დაჩქარებაზე
ნიკოლოზ სამხარაძე - ლიეტუვის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ნატო-ს სამიტზე აუცილებლად დასვამს საკითხს საქართველოს წევრობის დაჩქარებაზე

მოწოდება იყო, რომ ჩვენ ყველამ ერთად პარლამენტში ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც ქვეყანას  უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტი დჰპირდათ, რომ ნატო-ს სამიტზე დააყენებს საკითხს, რომ საქართველოს წევრობა დაჩქარდეს.

„ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტმა აღგვითქვა, რომ აუცილებლად გააჟღერებს საქართველოს საკითხს ამ სამიტზე და იმას, რომ საქართველოს წევრობა დაჩქარდეს“, – განაცხდა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

„რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ ვისაუბრეთ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ვისაუბრეთ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვაქვს პარლამენტში. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და იმ გმოწვევებზე, რაც საქართველოს აქვს. ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვართან და საკუთარი თვალით ნახა არსებული ვითარება. აგრეთვე ვისაუბრეთ არაღიარების პოლიტიკის წარმოებაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატებული პოლიტიკა არაღიარების, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის, გაგრძელდეს და რომ ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენი მხარდამჭერია, ამ არაღიარების პოლიტიკაში მხარი დაგვიჭიროს. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს განაცხადზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და იმ გზაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ განაცხადამდე. ლიეტუვის პრეზიდენტმა თქვა, რომ შიდა პრობლემები, რომლებიც არის ურთიერთობაში მმართველ ძალასა და ოპოზიციასთან ერთად, რა თქმა უნდა, ართულებს იმ მიზნების მიღწევას, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს. აქედან გამომდინარე, მოწოდება იყო, რომ ჩვენ, ყველამ ერთად პარლამენტში ვიმუშაოთ კონსტრუქციულად იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყანას უდგას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.