ნიკოლოზ სამხარაძე - „ლელოს“ მოვუწოდებ, თქვან, ვინ იქნება კოალიციურ კაბინეტში, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა
„ლელოს“ კოალიციური მთავრობის იდეას ვუწონებ და მოვუწოდებ, სასწრაფოდ შექმნან ჩრდილოვანი კაბინეტი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ვინ იქნება კოალიციურ კაბინეტში, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
სამხარაძის თქმით, „ლელოს“ წინადადებას ეთანხმება და მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყონ კონსულტაციები.
„ჩვენზე კარგ ალტერნატივას თუ ვინმე შემოგვთავაზებს, მოხარული ვიქნებით“, – დასძინა სამხარაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.
თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.