ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია კონსენსუსის ძიება, მაგრამ სვენ მიქსერმაც აღნიშნა, რომ კომპრომისი თუ ვერ ხერხდება, არ უნდა გავჩერდეთ და გავაგრძელოთ მოძრაობა
ველოდებით ევროკავშირისგან ახალ დღის წესრიგს, რომელიც მომავალი ექვსი წლის სამოქმედო გეგმას ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის პარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმების განხორციელება აქტიურად განაგრძოს.
„მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს აქტიურად გავყვეთ და მათი შესრულება დავაჩქაროთ. რაც სვენ მიქსერმა თქვა, რომ კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ყველა პატიმარს უნდა გააჩნდეს თანაბარი მოპყრობის საშუალება, კონსენსუსის ძიება არის მნიშვნელოვანი, სამივეს ხელს მოვაწერ დიდი სიამოვნებით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ასეც არის. კომპრომისის ძიება არის კარგი, მაგრამ მან თავადაც აღნიშნა, რომ თუ კომპრომისის მოძიება ვერ ხერხდება, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და გავაგრძელოთ მოძრაობა“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, დღეს, ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის მონაწილეობით გაიმართა.