ნიკოლოზ სამხარაძე - კარგი გამოცდილება გვაქვს რეფორმების განხორციელების გზაზე, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, გავიაროთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს
ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, დავხუროთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმების განხორციელების გზაზე კარგი გამოცდილება აქვთ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება რეფორმების განხორციელების გზაზე, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი ინსტიტუტები, გვაქვს ძალიან ძლიერი საჯარო სექტორი და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას და საშუალებას, რომ ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, მოლაპარაკების პროცესი გავიაროთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს. ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, დავხუროთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებს შეუძლიათ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია აგრეთვე ეკონომიკური ფაქტორიც. ასევე, ის ფაქტორიც, რომ სამწუხაროდ, დღეს უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და შესაბამისად, ისიც ნათელია, რომ ქვეყანას, რომელიც ომშია, ბევრად უფრო მეტად გაუჭირდება რეფორმების გატარება. სწორედ ამიტომ, ამ რამდენიმე მიზეზის გამო ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უფრო სწრაფად შეგვიძლია მოლაპარაკებების დასრულება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.