ნიკოლოზ სამხარაძე - ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება
ნიკოლოზ სამხარაძე - ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებები მისასალმებელია. მისივე თქმით, ეს მეტყველებს, რომ საქართველო ამერიკისთვის სანდო პარტნიორია.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ასევე მისასალმებელია, როცა ამერიკული მხარე აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიებში.

„ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ძალიან დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა. მისასალმებელია განცხადება, განსაკუთრებით საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის გაიოლების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ამერიკისთვის ძალიან სანდო პარტნიორია. ასევე ხაზგასმული იყო ჩვენი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში. მისასალმებელია, როცა ამერიკული მხარე აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიებში – იქნება ეს კოსოვოში, ერაყში თუ ავღანეთში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება. ეს კარგად დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგია. ერთ-ერთი გამოწვევაა გამკლავება დეზინფორმაციასთან, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას დასავლეთში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ოფიციალური დახვედრის ცერემონია პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს.