ნიკოლოზ სამხარაძე - იმაზე აპელირება, თურმე ევროპის საბჭოში არ ვაძლევთ რეზოლუციას ხმას და ვაძლევთ მსოფლიო საპარლამენტო კავშირზე, გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და ეუთო-ში, საერთაშორისო ურთიერთობების სრული უვიცობაა
იმაზე აპელირება, ჩვენ თურმე ევროპის საბჭოში არ ვაძლევთ რეზოლუციას ხმას და ვაძლევთ მსოფლიო საპარლამენტო კავშირზე (IPU), გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და ეუთო-ში, სრული უვიცობაა საერთაშორისო ურთიერთობების, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სამხარაძემ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა შეხვედრა. დეპუტატის თქმით, ყველა ეს ქვეყანა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მათივე განცხადებით, ეს პოზიცია არ გადაიხედება.
„შეხვედრა გვქონდა 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძირითადად, ეს იყო აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, არ გვაქვს ხშირი კავშირები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათთან კონტაქტი ასეთ ფორუმებზე შედგეს იმისთვის, რომ მათ მივაწოდოთ სიმართლე, რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა შედეგები მოაქვს რუსეთის აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ და იმისთვის, რომ მათ საერთაშორისო ფორუმებზე დაუჭირონ მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შემიძლია ძალიან დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ 20-ვე ქვეყანამ, ამ ოციდან იყო დიდი ბრიტანეთი და უკრაინაც, რომლებთანაც ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს, მაგრამ დანარჩენი ქვეყნები ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადეს, რომ ეს პოზიცია არ გადაიხედება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს ამ რეგიონებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში აღიარების მოპოვებას. ასევე გვთხოვეს, რომ უფრო ინტენსიური კავშირები გვქონდეს მათთან, რომ რეგულარულად მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე მსოფლიო საპარლამენტო კავშირის (IPU) რეზოლუციაზე, რომელიც იხილებოდა რუსეთის უკრაინაში აგრესიის შესახებ და რომელსაც საქართველოს დელეგაციამ თავის შესწორებებით სრულად მისცა ხმა.
„ეს უვიცობა ნაკლები უბედურებაა, მაგრამ მეორე უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები თავს წარმოაჩენენ ვითომ ლიბერალებად, ვითომ დასავლური ფასეულობების აპოლოგეტებად, რასისტული ქვეტექსტებით აფასებენ ჩვენს შეხვედრებს რუანდაში. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ ქსენოფობიურ სახეს და საინტერესოა, როგორ შეხვდებიან ისინი ამ განცხადებების შემდეგ თუნდაც ბრიუსელში, ვაშინგტონში ან ევროპის სხვა დედაქალაქებში, ან თუნდაც აზიის დედაქალაქებში თავის პარტნიორებს, თუ ასეთი შეხვედრები მათ ოდესმე ექნებათ. ასეთი რასისტული ქვეტექსტებით საუბარი 21-ე საუკუნეში უბრალოდ მდაბიობისა და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია“, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.