ნიკოლოზ სამხარაძე - გურამ მაჭარაშვილის მიერ წარდგენილი კანონი არის წმინდად ამერიკული, სიტყვასიტყვით ნათარგმნი, კოლეგები თავს დაესხნენ ამერიკულ კანონს, თქვეს, რომ ამით ნატო-ში შესვლა არ შეიძლება
კანონი, რომელიც ახლა წარმოადგინა გურამ მაჭარაშვილმა, არის წმინდად ამერიკული კანონი, სიტყვასიტყვით ნათარგმნი, შესაბამისად, ჩვენი კოლეგები დაესხნენ თავს ამ ამერიკულ კანონს და თქვეს, რომ ამერიკული კანონით არ შეიძლება ნატო-ში შესვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე, რეგლამენტის მიხედვით, კანონის განხილვა ხდება პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე.
„კანონი, რომელიც წარმოადგინა გურამ მაჭარაშვილმა, იყო სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი. კარგი იქნებოდა, მოგესმინათ და ამ კანონს მაინც არ დასხმოდით თავს. გასაგებია, რომ მეორე კანონს უნდა დაესხათ თავს. ახლა რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ერთმანეთის პატივისცემა გვქონდეს კოლეგებს მაინც. თუ სხვას არ შეუძლია, პატივი სცეს. ქალბატონო სალომე, თქვენ არ ითვლებით ამ რიგებში, თქვენნაირი უზრდელი ადამიანები არ ითვლებიან ამ რიგებში. რაც შეეხება დღევანდელ მოსმენას, დღეს ჩვენ ვიხილავთ კანონს პირველი მოსმენით. პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ პრინციპის განხილვას, არა ტერმინებს, არა სათაურს, არ ნიშნავს, რეგლამენტი წაიკითხეთ. ამ კანონის პრინციპის განხილვა არის ახლა პირველი მოსმენით. განვმარტავ იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც არ იციან, რა არის პრინციპების დონეზე კანონის განხილვა, მათ შორის ჩვენი არასამთავრობოებისთვის და სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის.
რას ნიშნავს პირველი მოსმენით განხილვა – ამ დროს არ იხილება არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც ამოქმედების ვადები, არც ზღვრები და არც სფეროები, არ იხილება არცერთი კონკრეტული თემატიკა, რომელიც ეხება ამ კანონპროექტს, შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება მეორე მოსმენის დროს. ეს ყველაფერი განხილული იქნება მეორე მოსმენით, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში ორწლინახევრის თავზე არიან დეპუტატები, რომლებმაც არ იციან პარლამენტის რეგლამენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი.
„გურამ მაჭარაშვილმა რაც წარმოადგინა, ეს არის ამერიკული კანონპროექტი პრინციპების დონეზე. დღეს ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას კანონის მხარდაჭერაზე ან მიუღებლობაზე, ეს არ არის დღევანდელი სხდომის ამოცანა. მე ვიცავ პარლამენტის რეგლამენტს, რადგან ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ვალდებული ამ ქვეყნის კანონმდებლობას ვცე პატივი. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, ყველა თავმოყვარე დეპუტატს და ადამიანს, პატივი სცეთ საქართველოს კანონს და კანონმდებლობას, პატივი ეცით იმ ფიცს, რომელიც დადეთ პარლამენტის წინაშე. ქართველი პარლამენტარის ფიცში არ შედის ასეთი მოქცევა.
ეს სხდომა ჩატარდა, რათა პრინციპის დონეზე განგვეხილა კანონმდებლობა. შესაბამისად, არავის ამის ინტერესი არ გააჩნია, რადგან ეს სხდომა გადააქციეს უნიჭო სპექტაკლად და ცირკად“, – აღნიშნა სამხარაძემ.