ნიკოლოზ სამხარაძე - „გლობსეკის“ უსაფრთხოების ფორუმზე ვისაუბრებთ, რატომ ვიმსახურებთ ჩვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
„გლობსეკის“ უსაფრთხოების ფორუმზე ვისაუბრებთ იმ აუცილებლობაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ ვიმსახურებთ ჩვენ ამას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, უსაფრთხოების ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოს პოზიციის დასაფიქსირებლად.
მისივე თქმით, ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება პანელი, ასევე ვიცე-პრემიერს ექნება სიტყვით გამოსვლა.
„იქნება ორმხრივი შეხვედრებიც, ამ შეხვედრებსაც გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ მივიღოთ მხარდაჭერა მხარდამჭერი ქვეყნებისგან, რომლებიც ისედაც ბევრნი არიან ევროკავშირში, თუმცა ვიცით, რომ არიან სკეპტიკოსი ქვეყნებიც და ალბათ მათზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება, რათა მათ წარმომადგენლებსაც შევხვდეთ და ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტატუსის მინიჭება დღეს. ეს არ არის ტექნიკური საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ვინ, რა კრიტერიუმს ასრულებს, არამედ ეს არის სერიოზული გეოპოლიტიკური გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი საქართველოს საზოგადოებისთვის, ან თუნდაც უკრაინისა და მოლდოვის საზოგადოებისთვის, არამედ ასევე რუსეთის ხელისუფლებისთვისაც“, – განაცხადა სამხარაძემ.