ნიკოლოზ სამხარაძე - გაუგებარია შეფარვითი მცდელობები, ზეგავლენა მოახდინონ თუნდაც სასამართლოზე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს დელეგაცია განიხილავს ინიციატორებთან რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერს
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან ბოლო მომენტში ხდება ცვლილებები რეზოლუციასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, ეს ცვლილებები საერთოდ აცდენილია ფაქტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი.
მისივე თქმით, ჩანაწერი რომ ნაჩქარევი იყო, ამაზე თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ფრჩხილებში მითითება მეტყველებს.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს დელეგაცია დეტალურად განიხილავს ინიციატორებთან რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს.
„მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ადამიანს, რომლის სასამართლო პროცესიც ახლა მიმდინარეობს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამის გამო ვერ შერაცხავ პოლიტიკურ პატიმრად. შესაბამისად, ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ჩანაწერი რომ ნაჩქარევი იყო, ამაზე თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ფრჩხილებში მითითება მეტყველებს. ანუ, ძირითად ტექსტშიც კი არ არის. ეს გაგრძელებაა ევროპარლამენტის ძველი რეზოლუციის, სადაც ფაქტობრივი უზუსტობები იყო დაშვებული და რის გამოც, შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებს ბოდიშის მოხდაც კი მოუწიათ. ძირითად ტექსტში ეს ნაწილი არ იყო. ინიციატორებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები. შესაბამისად, ამაში ახალი და გასაკვირი არაფერი არ არის. გაუგებარია შეფარვითი მცდელობები, რომ ზეგავლენა მოახდინონ თუნდაც სასამართლოზე. ეს ცოტათი გადაჭარბებული რეაქციაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში ინიციატორებთან ამ საკითხს დეტალურად განიხილავს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.