ნიკოლოზ სამხარაძე - გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მოჰყვა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მოჰყვა.
სამხარაძეს მიაჩნია, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ყველა მოქალაქემ, პირველ რიგში კი, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება.
„აჟიოტაჟი, რაც წინასწარ მოჰყვა, ცოტა გაუგებარია, თუმცა ჩვენთან ნებისმიერი კანონპროექტის დარეგისტრირებას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. საერთაშორისო პრაქტიკას მე ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს უფრო იურისტების საქმეა. არსებობს მსგავსი კანონები, მაგალითად, გერმანიაში, ასევე, ვიცით, რომ მსგავსი არის ამერიკაში, მაგრამ ვერ შევალ დეტალებში და ვერ ვიტყვი, რომელი რომელს უფრო ჰგავს. არსებობს რუსული მაგალითიც, თუმცა ეს კანონპროექტი, არ მგონია, პირდაპირ იყოს გადმოღებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სამსჯელო, ამაზე ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ და, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.