ნიკოლოზ სამხარაძე - გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერაზე მეტი რა შეიძლება არსებობდეს დიპლომატიურ არენაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აგვიხსნან
ნიკოლოზ სამხარაძე - გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერაზე მეტი რა შეიძლება არსებობდეს დიპლომატიურ არენაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აგვიხსნან

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას არ იზიარებს.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვერანაირ კრიტიკას ვერ მიიღებს, რომლებიც საქმის კურსში არ არიან და არ იციან დეტალები.

„მათგან ასეთ ზედაპირულ კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან თუ მათ ინტერესი აქვთ რომელიმე თემასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია, შევხვდეთ და დეტალურად გავიაროთ საკითხები, თუმცა ასეთი ზერელე და ზედაპირული განცხადებები ვერანაირად ვერ დაეხმარება ვერც ხელისუფლებას და ვერც ქვეყანას, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მათ განცხადებას არ გავცნობივარ და დეტალები არ ვიცი, რა წერია, მაგრამ არ ვიცი, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერაზე მეტი, რა მხარდაჭერა შეიძლება არსებობდეს დიპლომატიურ არენაზე?! თუ მათ შეუძლიათ, აგვიხსნან, რას ნიშნავს უფრო მეტი მკაფიო მხარდაჭერა. ეს განმარტონ და პროფესიონალურად შეადგინონ თავისი განცხადებები. რაც შეეხება სანქციებს, საქართველო 2014 წლიდან მიერთებულია სანქციებს და ფინანსური სანქციები საქართველოში მუშაობს და ამის ნათელი მაგალითი იყო “ვითიბი” ბანკი. თუ სავაჭრო სანქციებზე საუბრობთ, რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციები თავად ევროკავშირს და აშშ-ს არ აქვთ დაწესებული. ამიტომ, გაუგებარია რომელ სანქციებზე მიერთებაზე საუბრობენ, რადგან საქართველო ისედაც არ ვაჭრობს რუსეთთან არც მაღალი ტექნოლოგიებით, არც ფუფუნების საგნებით და არც იარაღით“, – განაცხადა სამხარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.