ნიკოლოზ სამხარაძე - ფრანგი პოლიტიკოსები საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ, ყველა შეხვედრაზე ურყევი მხარდაჭერა დაგვიდასტურეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის წევრებთან შეხვედრებზე საუბრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო.
მისივე თქმით, ფრანგი პოლიტიკოსები საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ.
„ფრანგი პოლიტიკოსებისგან ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ. ეს არის საფრანგეთის მხრიდან ძალიან დიდი ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში, ასევე, ფრანგების მხრიდან ევროკავშირის აღქმაში და გაფართოების პოლიტიკაში. ყველა შეხვედრაზე დაგვიდასტურეს ურყევი მხარდაჭერა. მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს აქვს – უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაცია, რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან გამოწვეული საფრთხეები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ფრანგი პოლიტიკოსების მხრიდან ადეკვატურად ხდება ამ საკითხების აღქმა და სრული გაგებაა იმ პოლიტიკის, რასაც ქვეყანა აწარმოებს, რომ მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.