ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ბრაიენს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორს, მარკ ქემერონს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა.
მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ივლისში დაგეგმილ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.