ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპის დედაქალაქებში ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, მზად ვართ, რეალურად ვაჩვენოთ, რა ხდება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას არ ვიცნობ. რაც შეეხება იმას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, დიახ, ბურთი ჩვენს მოედანზეა, ვიდრე რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, თუმცა უახლოეს მომავალში ამ ბურთს უკვე ევროკავშირს, უფრო კონკრეტულად, ევროკომისიას დავუბრუნებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს არ აკეთებს“.
სამხარაძის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტისას, ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
„ამ განცხადებას არ ვიცნობ. რაც შეეხება იმას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, დიახ, ბურთი ჩვენს მოედანზეა. ვიდრე ჩვენ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ბურთი ჩვენს მოედანზე იქნება, თუმცა უახლოეს მომავალში ამ ბურთს უკვე ევროკავშირს, უფრო კონკრეტულად, ევროკომისიას დავუბრუნებთ. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების განცხადებებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ევროპის დედაქალაქებს ვსტუმრობდი და არსად, არცერთ შეხვედრაზე არ შემხვედრია არც დეპუტატი, არც სამინისტროს წარმომადგენელი და არც დიპლომატი, რომელსაც არ ეთქვა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და როგორც კი ეს რეკომენდაციები შესრულდება, ევროკავშირის ყველა წევრი უკლებლივ მხარს დაუჭერს საქართველოს სტატუსის მისაღებად. ეს არის განცხადებები, რაც პირდაპირ შეხვედრებზე მოვისმინე. თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, მზად ვართ, ამ ადამიანს საქართველოში ვუმასპინძლოთ და რეალურად ვაჩვენოთ, რა ხდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს განაცხადა: „ლიეტუვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. მსურს, ვიხილო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება“.