ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებენ 27 ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებები ან პრეზიდენტები, ევროპარლამენტარების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არ მონაწილეობენ კენჭისყრაში
გადამწყვეტი არის 27 ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებები და მათი პრემიერ-მინისტრები, ან პრეზიდენტები, რომლებიც იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არ იღებენ მონაწილეობას იმ კენჭისყრაში, რომელიც ევროპულ საბჭოში უნდა გაიმართოს“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამ განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, სტატუსის მინიჭებისთვის ხელის შემშლელი გახდეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაზეც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს, რომ დაკავებულია ყოფილი პრეზიდენტი და ა.შ, რაზეც რიგი ევროპარლამენტარები ხაზგასმით საუბრობენ, რომ შესაძლოა, ეს საკითხები მათი მხარდაჭერის მოპოვების წინაღობა გახდეს.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სუბიექტურ განცხადებებთან, რომელიც იმით არის განპირობებული, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი წარმოადგენს პარტიას, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი პარტია, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსს წარსულში ჰქონდა რაღაც კავშირები, ან მიხეილ სააკაშვილთან, ან მის პარტიულ მეგობრებთან.
„არ მგონია, ამ საკითხებმა პრობლემა შექმნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. შიდა პოლიტიკურ საკითხებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დიდი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები. თუ პოლიტიკოსებზე მიდგა საქმე, ასევე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე, პოროშენკოზე და გავრცელდა ინფორმაცია მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტზე, დოდონზე, რომ დღეს საერთოდ დაკავებული იყო წინასწარი დაკავების პროცედურით. ჩვენ ბევრი საქმე ვიცით ასევე დასავლეთ ევროპაში, როდესაც ყოფილი პოლიტიკოსები დაკავებული იყვნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის საფრთხეების ნეიტრალიზებაზე მუშაობს და საპარლამენტო გუნდს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაგეგმილი აქვს, მომდევნო თვეში თითქმის, ყველა ევროპულ დედაქალაქს ეწვიოს.
„ჩვენ ვაპირებთ, ვეწვიოთ დედაქალაქებს და ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, 19 აპრილის შეთანხმებაზე, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე და ა.შ. ჩვენ ყველა ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი“, – განაცხადა სამხარაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ ხდება მითითება ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ყველა ინსტანცია არ გაუვლია და რატომ ხდება ამ საკითხის აქტუალიზება ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არავინ იცნობს და შესაბამისად, ასეთი წინასწარი დასკვნები არასწორია.
„ეჭვი მეპარება, საქართველოში ბევრი იყოს ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ნიკა გვარამიას საქმე თავიდან ბოლომდე წაკითხული ჰქონდეს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ჩვენ მასალებზე წვდომა არ გვაქვს და მით უმეტეს, ამ მასალებზე წვდომა არ აქვთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ძალიან ხშირად გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ ხოლმე. მათ შორის, თურმე სახალხო დამცველსაც არ ჰქონია საქმის მასალები ბოლომდე წაკითხული, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა. შესაბამისად, როდესაც საქმე წაკითხული არ გაქვს და ზედაპირულ, ზერელე განცხადებას აკეთებ ამასთან დაკავშირებით, რომელიც ან პირდაპირ დეზინფორმაციაზეა დაყრდნობილი, ან რაღაც აღქმებზე, ეს განცხადება ჩვენ მიერ სერიოზულად ვერ იქნება მიღებული. ეს განცხადება ჩვენ მიერ აღქმულია, როგორც მიკერძოებული, რადგან საქმის მასალებს კარგად არავინ არ იცნობს. თუ დავაკვირდებით, ამ საკითხებზე ერთი და იგივე ადამიანები აპელირებენ და განცხადებებს აკეთებენ აღქმებზე დაფუძნებით. ასე იყო 2017-ში, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმე დაიწყო და მერე სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ თურმე საქართველოს სასამართლოს სწორი გადაწყვეტილება მიუღია; ასე იყო ნიკა მელიას დაკავების დროსაც და ა.შ. ამ ადამიანებს ამოძრავებს არა ობიექტურობა, არამედ სუბიექტურობა. ვლაპარაკობ დაახლოებით, რვა-ათ ადამიანზე, ვინც სულ აკეთებს განცხადებებს. ისინი არ მალავენ, რომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მეგობრები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.