ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის განცხადებას სრულად ვეთანხმებით, პოლარიზაციიდან გამოსავალია ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროკავშირის განცხადებას სრულად იზიარებენ.
მისი თქმით, პოლარიზაციიდან გამოსავალი სწორედ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა და რეფორმების განსახორციელებლად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის განცხადება, რომელსაც ჩვენ სრულად ვეთანხმებით და ვიზიარებთ. პოლარიზაციიდან გამოსავალია ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და მათი მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმ რეფორმების განსავითარებლად, რაც ქვეყანას სჭირდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის 27 ევროპული სახელმწიფოს ერთობლივი ოფიციალური განცხადება და არა რომელიმე პარტიული, ცალკეული დეპუტატის ან პოლიტიკოსის. განცხადებას სრულად ვიზიარებთ და ასევე მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენი სულისკვეთებაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს და საპარლამენტო ცხოვრება ერთად გავაგრძელოთ, რაც, როგორც ხედავთ, არის 27 ევროპული სახელმწიფოს სულისკვეთებაც“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, პარლამენტში შესვლის ჩათვლით“. ამასთან, აღნიშნულია, რომ პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხეს ქმნის.