ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რა გზას აირჩევს სამომავლოდ ევროკავშირი ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ვიზიტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რუმინეთში და სლოვაკეთში, ჩვენ პარტნიორებთან შეხვედრებისას, მკაფიოდ გამოვკვეთეთ პოზიცია. გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ველით ივნისის ბოლოს, არ არის უბრალოდ ტექნოკრატიული ან ბიუროკრატიული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გვაჩვენებს თუ რა გზას აირჩევს სამომავლოდ ევროკავშირი ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში და ასევე ეს იქნება მკაფიო, მტკიცე და ხმამაღალი სიგნალი, რომელიც ბრიუსელიდან გამოეგზავნება ჩვენი რეგიონის საზოგადოებებს და მოსკოვს.
დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, შეხვედრებზე ეს მიდგომა სრულიად გაზიარებული იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რუმინეთი და სლოვაკეთი, რომელშიც დელეგაცია იმყოფებოდა, სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. გაბატონებული აზრია, რომ ტრიოს დაყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან სამივე ქვეყანას აქვთ ზუსტად ერთნაირი გამოწვევები, არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, სამივე ქვეყანა იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და სამივე ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ევროკავშირის გზაზე, თუნდაც რეფორმების და კანონების ჰარმონიზაციის გზით, ამიტომ ეს მხარდაჭერა სამივე ქვეყნის მიმართ არის ძალიან ურყევი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროკომისია მომავალი კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს თავის დასკვნას, სადაც აღნიშნული იქნება, როგორც პროგრესი სამივე ქვეყანაში, ასევე ის რაზეც ამ ქვეყნებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება.
„ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით და როგორც საპარლამენტო გუნდი, ასევე სამთავრობო გუნდი გააგრძელებს ვიზიტებს და ჩვენ, ჩავალთ ყველა დედაქალაქში და შევხვდებით ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღება 27 ქვეყნის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრისგან და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუბარი გვქონდეს ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან. არავისთვის დასამალი არ არის რომ არსებობენ სკეპტიკოსი ქვეყნები და ეს ქვეყნები ზოგადად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გაფართოებას და ჩვენ მათთანაც გვექნება საუბრები“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.