ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის ანგარიშში იკითხება, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მყარი სისტემა, რაც არის მთავარი და ევროკავშირი ამას აღიარებს
ევროკავშირის ანგარიშში იკითხება, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მყარი სისტემა, რაც არის მთავარი. ევროკავშირი ამას აღიარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამრახაძის თქმით, ის, რომ კონკრეტული მიმართულებით საჭიროა მუშაობა და გაუმჯობესება, ეს ყოველთვის ასეა, რადგან იდეალური სისტემა არ არსებობს და „ჩვენც არასოდეს გვითქვამს, რომ იდეალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“.
„სადაც საჭიროა აღსრულების ნაწილის გაუმჯობესება, ამაზე ხელისუფლება მუშაობს. ეს არის გასული წლის ანგარიში და მიმდინარე წელს ბევრი ცვლილება გატარდა. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში ცვლილებები განვახორციელეთ, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დაეფუძნა. ეს ცვლილებები იყო პასუხი მკაფიო რეკომენდაციებზე. სასამართლო სისტემაში რამდენიმე ტალღა განვახორციელეთ და შედეგები ნელ-ნელა პრაქტიკაში მოდის. ბოლო დროს რაიმე გახმაურებული საქმე არ ყოფილა, სადაც სასამართლოს დაბრალდა, რომ ანგარებით ან არასწორად მოიქცნენ. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა იზრდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის და ამაზე ვმუშაობთ. როცა პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ, ამას დამტკიცება სჭირდება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ რომელიმე მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენით იღებს, ამას მტკიცებულება სჭირდება. საქართველოში დაახლოებით 350 მოსამართლეა და ციდან ახალ მოსამართლეებს ვერ მოვიყვანდით. სხვათა შორის, ეს 2012 წელს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც განპირობებული იყო, მათ შორის, დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების რეკომენდაციით, რომ მოსამართლეთა კორპუსი შენარჩუნებულიყო“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს.