ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე სრული სურათი აქვს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ პრობლეებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
„მოგეხსენებათ, რომ ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებები. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო მონაწილეობს რუსეთთან ერთად და სადაც განიხილება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საოკუპაციო ხაზთან, თავისი თვალით ენახა, რა ხდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, როგორ შენდება სამხედრო დანიშნულების ობიექტები საოკუპაციო ხაზს მიღმა, რა პრობლემებს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე სრული სურათი აქვს იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე.
„ჩვენ მას მოვუყევით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვაქვს, ასევე ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის პრობლემების შესახებ ვუამბეთ. შესაბამისად, მას უკვე სრული სურათი აქვს იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე. ასევე, მოვუყევით იმ ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. შესაბამისად, მისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ პრობლეებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.