საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩისთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და ეუთო-ს ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობა სამომავლოდ საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო დახვეწის პროცესში.
მათივე ცნობით, მატეო მეკაჩიმ დაადასტურა მზაობა, საჭიროებისამებრ დახმარება გაუწიოს საქართველოს ყველა იმ რეფორმაში, რომელიც დაგეგმილია მომდევნო წლების განმავლობაში და დაახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან.
შეხვედრის ბოლოს ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ოდირის ხელმძღვანელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული სამუშაოსთვის.