ნიკოლოზ სამხარაძე - ეტყობა, არახამიამ გაიაზრა, რომ ქართული საზოგადოება მის განცხადებებს არ აჰყვა, ახლა ცდილობს, მათი გული მოიგოს, თითქოს, ევროკავშირთან ურთიერთობებაში დაგვეხმარება
გვაქვს ინფორმაცია, რომ დავით არახამია ცდილობდა, დაეზიანებინა საქართველოს იმიჯი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.
სამხარაძის თქმით, არახამია ახლა ცდილობს, ქართული საზოგადოების გული მოიგოს, რაც უკვე დაგვიანებულია მისი ადრეული ნაბიჯებიდან გამომდინარე.
„მგონი, არახამია ამ განცხადებით ცდილობს ქართული საზოგადოების გულის მოგებას, თითქოს ის დაგვეხმარება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებაში.
თვეების განმავლობაში ჩვენ სრულიად საპირისპირო ინფორმაციას გვაწვდიდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რას ეუბნებოდა მათ თუნდაც არახამია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს უსუსური მცდელობებია. ეტყობა, მან გაიაზრა და გაითავისა, რომ ქართული საზოგადოება მის პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვა და ახლა ცდილობს, ქართული საზოგადოების გული მოიგოს, მაგრამ, მგონი, უკვე დაგვიანებულია მისი ადრეული ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობდა, დაეზიანებინა საქართველოს იმიჯი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც“, – განაცხადა სამხარაძემ.