ნიკოლოზ სამხარაძე - ესტონეთის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას გამოვხატეთ სურვილი, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს
ნიკოლოზ სამხარაძე - ესტონეთის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას გამოვხატეთ სურვილი, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას პარტლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იური რატასთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. კახა კუჭავამ იური რატასს საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

„ვისაუბრეთ ქართულ-ესტონური ურთიერთობების განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა, არის, მაგალითად, ეკონომიკური საკითხები, თუნდაც, ვაჭრობა, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც მეგობრობის ჯგუფებს შორის, ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის. ესტონეთის პარლამენტის სპიკერი განსაკუთრებით დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და იმით, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ესტონეთმა იმისთვის, რომ ეს სიტუაცია უფრო შემსუბუქდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის გეგმებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. გამოვხატეთ სურვილი, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის მხრიდან მიექცეს მეტი ყურადღება და იყოს მეტი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს ქვეყნები უფრო მალე დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ასევე, ვისაუბრეთ წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე საქართველოსთვის. ესტონეთი ამ იდეას მხარს უჭერს, თუმცა, საჭიროა, რომ ევროკავშირის დონეზეც მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.  მივაწოდეთ მოკლედ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო-ოდირი-ს მისია იქნება, რომელიც დააკვირდება ამ არჩევნებს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ შეხვედრები გამართა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან და კამერუნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მარსელ ნიფენჯისთან. შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.