ნიკოლოზ სამხარაძე - ეროვნული პლატფორმის ფარგლებში, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, აზრების გაცვლის შესაძლებლობა გვეძლევა
ეროვნული პლატფორმის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, აზრების გაცვლის შესაძლებლობა გვეძლევა, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.
კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული პლატფორმისა და კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, შეხვედრაზე მიმდინარეობს მშვიდი, კონსტრუქციული საუბარი იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს. ამიტომ დადებითად ვაფასებ კონფერენციის ჩატარებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მომავალშიც გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს.
„წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეიძლება, მაინც არსებობდეს იმედის ნაპერწკალი იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია დაფიქრდეს და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან იმ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მონაწილეები მსჯელობენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ ცხრა პრიორიტეტს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.