ნიკოლოზ სამხარაძე - დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, რომელიც რეკომენდაციებში ბუნდოვანია და დამატებითი განმარტებები სჭირდება
ნიკოლოზ სამხარაძე - დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, რომელიც რეკომენდაციებში ბუნდოვანია და დამატებითი განმარტებები სჭირდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპარლამენტარ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში იყო კონკრეტული თემა, რომელიც ეხებოდა დეოლიგარქიზაციის საკითხის განმარტებას.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტში დახურულ შეხვედრაზეც იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე, რაც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში ბუნდოვანია, მათ შორის დეოლიგარქიზაცია.

„ამ წერილს ჰქონდა კონკრეტული თემა და ეს კონკრეტული თემა ეხებოდა დეოლიგარქიზაციის საკითხის განმარტებას, რადგან ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრაზეც გვქონდა საუბარი რამდენიმე საკითხზე, რომელიც რეკომენდაციებში ბუნდოვანია და საჭიროებს დამატებით განმარტებებს.

სტუმარიც დაგვეთანხმა, რომ ამ თემებზე საჭიროა ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შემდეგ არ იყოს გაუგებრობები, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი ბუნდოვანია და გაზომვადი არ არის. საკითხებზე, რომელიც გაზომვადი არ არის, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხები. ერთ-ერთი თემა, რომელიც ბუნდოვანია, დეოლიგარქიზაციაა და ამაზე ნათელი პასუხები გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ, რათა დეოლიგარქიზაცია მოხდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა წერილის იმ ნაწილზე, სადაც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი.

„არ მგონია არაფორმალური მმართველობა შეიძლება წერილით დადასტურდეს ან სატელეფონო ზარით, ან რაიმე სხვა ერთჯერადი ქმედებით. არაფორმალური მმართველობა შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნათელია ფაქტებია იმის, რომ ვიღაც გარედან ერევა სახელმწიფოს ან მთავრობის მმართველობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.