ნიკოლოზ სამხარაძე - დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ჩვენი და ევროკომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ოპოზიცია კი კანონის რაობაში ვერ გაერკვა 
ნიკოლოზ სამხარაძე - დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ჩვენი და ევროკომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ოპოზიცია კი კანონის რაობაში ვერ გაერკვა 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით,  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ევროკომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ოპოზიცია კი კანონის რაობაში ვერ გაერკვა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, დეოლიგარქიზაციის კანონში კონკრეტული სახელები და გვარები იყოს, თუმცა სამხარაძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონები კონკრეტულ გვარებს არ ერგება.

„დეოლოგარქიზაციის კანონპროექტზე ოლივერ ვარჰეის განცხადება იდენტურია იმის, რომ ჩვენ ვაპირებდით ცვლილებების მიღებას, რომელიც დაადგენდა ჩარჩოებსა და კრიტერიუმებს იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, დასახელდეს ოლიგარქად და როგორ შეიძლება, ამ კონკრეტულ ადამიანს შეეზღუდოს გავლენები როგორც პოლიტიკაზე, ასევე მედიაზე. ევროკავშირმა უკრაინას მოუწონა კანონი და ამ მოცემულობიდან გამოვედით, როცა ეს კანონი ქართულ რეალობას მოვარგეთ. ჩვენი და ევროკომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ თავიდანვე მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ. ისინი კანონის რაობაში ვერ გაერკვნენ. მათი მიზანია, კანონში ყოფილიყო სახელები და გვარები, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონები კონკრეტულ გვარებს არ ერგება. ამას უნდა მიეჩვიონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეხება ვენეციის კომისიისთვის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გადაგზავნას, როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის მხრიდან უკრაინულ კანონზე პოზიცია იქნება ცნობილი.

„ვენეციის კომისიას რაც შეეხება, არ ვიცით, უკრაინულ კანონზე როდის იქნება პოზიცია. როგორც კი იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.