ნიკოლოზ სამხარაძე - დავით გარეჯის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი, ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება
ნიკოლოზ სამხარაძე - დავით გარეჯის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი, ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, დავით გარეჯთან დაკავშირებით მიუტანეს რუკა, რომელიც ავთენტური არ იყო.

1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკასთან დაკავშირებით საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, რომ მთავარი შეკითხვაა, თუ არსებობდა ორიგინალი რუკა, რატომ იყო ის დამალული.

„2014 წელს ამ რუკის არსებობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ გვქონდა. ბატონ ღარიბაშვილს რაც მიუტანეს, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, არ იყო ავთენტური რუკა. ეს იყო რაღაც შეკოწიწებული რუკა. სწორედ ესაა მთავარი შეკითხვა – თუ ასეთი რუკა არსებობდა საქართველოში, რატომ არ ხდებოდა მაშინ ამის გამოჩენა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი ტიპის რუკები ინტერნეტსივრცეშიც მოიძებნება, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ინტერნეტსივრცეში მოძიებული რუკა სახელმწიფოებს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის გამოსადეგი ვერ იქნება.

„ამას თავისი პროცესი და პროცედურები აქვს. თქვენ რომ ინტერნეტიდან რუკას ამობეჭდავთ, იმას საექსპერტო კომისიაზე ვერ წარადგენთ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დადგენაზე. მგონი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ამაზე საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამ საქმეში კრემლის ინტერესს ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, დავით გარეჯის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი და ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება.

„არ მგონია, რომ კრემლის ინტერესში იყოს საქართველოს სასარგებლოდ რამე ნაბიჯის გადადგმა. მეორეც, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის საქართველოს შიდა საკითხი და ამით არანაირი ჩრდილი არ მიადგება ქართულ-აზერბაიჯანულ არც მეზობლობას და არც მეგობრობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.