ნიკოლოზ სამხარაძე - დარწმუნებული ვარ, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი წარმატებული იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთ
ევროკავშირის წარმომადგენელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასეთ დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში სტაბილურობას და სიმშვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, დანიელსონის ვიზიტი წარმატებული იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ვიზიტი წარმატებული იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთ. ყველა მოლაპარაკებაში კვეთის წერტილი არის კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისგან. როცა დანიელსონი ჩამოვა, ყველა მხარეს შეხვდება და გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ალბათ, კომპრომისებზე შევჯერდებით. ვიცით, რა არის ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები. ეს არის საწყისი პოზიციები, რომელიც მედიაციის ფორმატში შეიძლება შეიცვალოს, რაც არის მედიაციის მთავარი ამოცანა, თუმცა როგორ და რა ფორმით შეიცვლება, ამაზე შეხვედრებზე იმსჯლებენ. რიგგარეშე არჩევნებს დასაბუთება სჭირდება, თუ ეს დასაბუთება გამოჩნდება, შეიძლება შეიცვალოს, თუ არ იქნება, ვერ შეიცვლება“, – განაცხადა სამხარაძემ.