ნიკოლოზ სამხარაძე და დავით მათიკაშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრი დავით მათიკაშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების გამოწვევები, მისი გავლენა საქართველოს სტრატეგიული მიზნების განხორციელების კუთხით; ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ისაუბრეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ მხრივ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და მოლოდინზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ქვეყნის ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანებაზე.
განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლის საშუალებითაც მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ენერგოტრანზიტის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
მხარეებმა ისაუბრეს ენერგოუსაფრთხოების საკითხზე, რაც უსაფრთხოების არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
შეხვედრისას საუბრის თემებს წარმოადგენდა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, გარემოს დაცვითი საკითხები და ცირკულარული მიგრაცია.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.