ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენთვის ე.წ 3+3-ის ფორმატი მიუღებელია რუსეთის გამო, ეს არ ნიშნავს, რომ ვეთიშებით შიდა კავკასიურ პროცესებს, პირიქით, გვინდა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც დიდი სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება
ჩვენ გვინდა, ერთგვარად ლიდერის როლი ვიტვირთოთ რეგიონში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი ძალისხმევა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობაში. რაც შეეხება ე.წ 3+3-ის ფორმატს, აქ გვაქვს ცალსახად ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იქამდე ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვავითარებთ ორმხრივ ურთიერთობებს თურქეთთან და არ შევეცდებით, სამმხრივი ურთიერთობების ფორმატი ჩამოვაყალიბოთ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კავკასიაში შექმნილი იყოს ისეთი ამინდი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამ ე.წ ფორმატის ერთი ქვეყანა როდესაც უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ნაწილი, რა თქმა უნდა, იმ ფორმატში მონაწილეობას აზრი ეკარგება“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, თეირანში „3+3“-ის შეხვედრის შემდეგ ძალიან საინტერესო კომუნიკე გამოქვეყნდა, სადაც პირველ პუნქტში წერია, რომ ქვეყნები აღიარებენ ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამის შესაძლებლობად განხილვა და თანხმდება თუ არა რუსეთი ამ ფორმატში მონაწილეობით იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ სამი სახელმწიფო არსებობს, სამხარაძემ აღნიშნა, რომ „3+3“-ის ფორმატი ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის არ გამოგვადგება, რადგან როგორც კი ამ ფორმატში ამაზე დაიწყება საუბარი, ეს საუბარი იქ საუბრადვე დარჩება და რუსეთი ამას თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს.
„ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი და ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ იქცევა რუსეთი ჟენევის ფორმატში; 15 წელია, ყველანაირად ბლოკავს ყველა გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება, წინ წასწიოს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმე და დეოკუპაციის მიმართულებით რამე ნაბიჯები გადაიდგას. ამიტომ მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში რუსეთი სხვანაირად მოიქცევა. შესაბამისად, ჩვენთვის „3+3“ არის მიუღებელი ფორმატი სწორედ რუსეთის გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეთიშებით შიდა კავკასიურ პროცესებს. პირიქით, ჩვენ გვინდა, თბილისი იყოს სწორედ ის ადგილი, სადაც დიდი სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება“, – განაცხადა სამხარაძემ.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ჟენევის ფორმატის გარდა, რუსეთთან კომუნიკაციის ფორმატი არ არსებობს.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით რუსეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს და, შესაბამისად, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი მას საქართველოზე მუდმივად ზეწოლა-ზემოქმედების ბერკეტად სჭირდება.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხაროდ, დღევანდელ მოცემულობაში დეოკუპაციის საკითხის მყისიერად გადაწყვეტა შეუძლებელია და აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული.
„დეოკუპაცია თუ მოხდება, მაშინ თავისთავად ცხადია, აღიარების პრობლემაც აღარ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.