ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ, სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ, სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის დარბაზში კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უპირობოდ სჯერა პუტინის სიტყვების და განცხადებების, ეჭვის ქვეშაც არ აყენებს მისი განცხადებების მართებულობას და სიმართლეს.

„2006 წელს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები სამარცხვინოდ გამოყარეს რუსეთიდან, იმდროინდელი ხელისუფლება ეხვეწებოდა პუტინს, რომ აღედგინა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები და ეს ფრენები აღდგა 2008 წლის დასაწყისში. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ისევ შეწყვიტა პირდაპირი ფრენები. საქართველოს ხელისუფლებამ ისევ გაუშვა იქ დელეგაცია ფრენების აღდგენის მოთხოვნით და 2010 წლის აგვისტოში, ანუ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ორი წლის თავზე საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. კითხვა ისმის, რუსეთი 2022 წელს გახდა მონსტრი და ურჩხული და ჩვენთვის მიუღებელი ქვეყანა თუ 2008 წლიდან მოყოლებულია ის მიუღებელი ქვეყანა?“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძე ისაუბრა ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ე.წ. დემარშზე და განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი, ლოგიკური ამბავია, როდესაც ევროკავშირს სურს, რომ საქართველომაც ისე იმოქმედოს, როგორც მოქმედებს ევროკავშირი, რადგან ჩვენი პარტნიორია და მიაჩნია საქართველო საკუთარ პარტნიორად, შესაბამისად, ამაში არც გასაკვირია რამე, არც საწყენი.

„ეს მათი მოთხოვნა ლოგიკურია. თუმცა, მეორე მხარეს დგას ინტერესები, ევროკავშირს საკუთარი ინტერესები აქვს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. ჩვენი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მხრიდან არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში დღემდე, ვგულისხმობ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას, არ არის დაფიქსირებული ტერმინი „ოკუპაცია“ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ასევე, გუშინდელი დემარშის დოკუმენტში ნახსენებია სანქციები, რაც დაკისრებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების, მისი სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დარღვევის წინაშე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი რომ დაარღვია რუსეთმა, იქნებ ესეც იყოს გათვალისწინებული ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოსთან მოდიხარ ასეთი თხოვნით“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არაერთხელ იყო თხოვნა, ევროკავშირს დახმარება გაეწია ჩვენთვის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით.

„ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების დოკუმენტებში ჩადებულიყო მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის ერთი მარტივი პირობა, რომ ის ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, ვერ გახდებოდა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, ეს მოთხოვნები და ინტერესები გათვალისწინებული რომ იყოს, საქართველოს ხელმოწერა ბევრად უფრო მეტ დოკუმენტზე იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებაში, ვიდრე დღეს არის.

სამხარაძის განცხადებით, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ, სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი და მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს და იქნება გაწევრიანების ზღვარზე, მაშინ უფრო მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.