ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნების დღე წარიმართა მშვიდად, მიუხედავად ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა, რასაც ადგილი აქვს ამ ქვეყანაში
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დომინირებდა მონაწილეების დისკურსში სარჩევნო კამპანიისას. რეფორმების გაგრძელების საჭიროება, რათა მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს, ხაზგასმული იყო ყველა მონაწილის მიერ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა კოორდინატორმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც სამხარაძემ ჩრდილოეთ მაკედონიაში განაცხადა, დაკვირვებისა და დისკუსიების შედეგად გამოვლინდა, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილოები არიან პოლიტიკური მმართველი წრეებით.
„ამომრჩევლები ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ მთავრობასაც და ოპოზიციასაც არ აქვთ ნება, უპასუხონ რეფორმების მოწოდებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ისმის. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, თუმცა პროცესი არასაკმარისად არის დარეგულირებული. საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა შესაფერის ჩარჩოს, რათა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ მუდმივი შეუსაბამობა, ხარვეზები და ორაზროვნება ახდენს იურიდიული მკაფიოობის კომპრომიტირებას. კამპანიის ინტენსიურმა და პლურალისტულმა მედიაგაშუქებამ მისცა ამომრჩევლებს საშუალება, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ნეგატიურმა რიტორიკამ და ნაციონალისტურმა სლოგანებმა დააზიანა სხვა მხრივ სტაბილური წინასაარჩევნო პერიოდი. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა იყო სუსტი და ზედამხედველი უწყებების შესაძლებლობები იყო შეზღუდული, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების მონიტორინგისას. არჩევნები იყო ორგანიზებული ეფექტურად, თუმცა მოსყიდვის შემთხვევების შესახებ გახშირებულმა ბრალდებებმა, რაც არჩევნების წინ უძღოდა, გავლენა იქონია პროცესისადმი ნდობაზე. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ის წარიმართა მშვიდად და ხმის მიცემა ხდებოდა კონსტრუქციულ გარემოში, მიუხედავად ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ფრაგმენტაციისა, რასაც აქვს ადგილი ჩრდილოეთ მაკედონიაში“, – განაცხადა სამხარაძემ.